გატუზო: “ბაკაიოკოს ჩემ ენაზე დაველაპარაკები”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ტიემუე ბაკაიოკოსთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, 6 მაისს “მილანმა” “სან სიროზე” “ბოლონია” 2:1 დაამარცხა. პირველ ნახევარში “როსონერის” საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ბილია დაიმტვრა, გატუზოს მის ნაცვლად თამაშში ბაკაიოკოს ჩართვა სურდა, თუმცა ფრანგმა ეს იუარა და რინოს შეაგინა, რაც კამერებმა დააფიქსირეს.
“ის, რაც მოხდა ჩვენი საქმეა. “მილანის” მაისურის ტარება პრესტიჟია. ბაკაიოკოს 7-8 წუთი ველოდებოდი, მაგრამ მას ფეხის დამცავიც კი არ ჰქონდა გაკეთებული. ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩემზე ნებისმიერი რამ თქვან, მაგრამ მთავარია, რომ მათ თანაგუნდელებსა და გასახდელის ატმოსფეროს პატივი სცენ.
სეზონის ბოლოს ყველაფერს შევაჯამებთ და ვნახავთ, ვინ იქცეოდა კარგად და ვინ – ცუდად. შეიძლება, სათადარიგოთა სკამთან შეურაცხყოფა ნებისმიერმა მომაყენოს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრა მოგვიწევს და ვნახოთ. მინდა, ეს ეპიზოდი გასახდელიდან ცალკე დავაყენო და ბაკაიოკოს ჩემ ენაზე დაველაპარაკო, იმ ენაზე, რომლითაც სატელევიზიო ეთერში ვერ ვისაუბრებ”, – უთხრა გატუზომ Sky Sport Italia-ს.