გატუზო: “მილანის” ყველა ფანს ბოდიშს ვუხდი”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ევროპის ლიგაზე “ოლიმპიაკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ “როსონერის” გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
როგორც იცით, “მილანი” ჯგუფში იმ შემთხვევაში ჩარჩებოდა, თუ “ოლიმპიაკოსი” ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვებდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ბერძნულმა კლუბმა 3:1 იმარჯვა.
“ყველა ფანს ბოდიშს ვუხდი. პენალტი? არ ვიცი, რატომ დაუსტვინა მსაჯმა, მაგრამ შეთქმულების არ მჯერა, მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია. თამაში ჩვენს ხელში იყო, მაგრამ როცა ასეთ სტადიონზე რვა საგოლე მომენტს შექმნი და ვერცერთს გამოიყენებ, მაშინ წაგებას იმსახურებ.
ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა. ჰაკან ჩალჰანოღლუ და სამუ კასტილიეხო საჯარიმოში კარგ პოზიციაში არაერთხელ იყვნენ, მაგრამ მათ სწორი გადაწყვეტილებები ვერ მიიღეს”, – უთხრა გატუზომ Sky Sport Italia-ს.