გატუზო: “ფსიქოლოგიურად დანგრეული ვარ”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სპალ-თან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, გუშინ სერია A-ს ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. “როსონერის” ოთხეულში მოხვედრისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა უშუალო კონკურენტებმა – “ინტერმა” და “ატალანტამ” თავიანთ მატჩებში გაიმარჯვეს.
“მადლობას ვუხდი გუნდს. სერია A-ს 68 ქულით დასრულება მეამაყება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავედით. მწვრთნელის მუშაობა კლუბის ხელმძღვანელობამ და ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. ხელმძღვანელობას შევხვდები და ვისაუბრებთ. მინდა, მათ მითხრან, რას ფიქრობენ.
სეზონის მიმდინარეობისას შეცდომები დავუშვით, მაგრამ მჯერა, ბოლო ერთი წელი მაინც დადებითი იყო. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ბოლო 3-4 თვის მანძილზე სტაბილურად კარგად ვერ ვითამაშეთ. ბევრი ცუდი პერიოდი გამოვიარეთ.
არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩემი ფეხბურთელები გაიზარდნენ. მათი უმრავლესობა ადრე თავიანთ შესაძლებლობებს ვერ ავლენდნენ.
ვგრძნობ, ამ კლუბთან დიდი ისტორია მაკავშირებს. ვფიქრობ, იმაზე მეტი ზეწოლა მქონდა, ვიდრე უნდა მქონოდა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ძლივს ვიძინებდი. ფსიქოლოგიურად, დანგრეული ვარ, ეს კი ისაა, რაზეც უნდა ვიფიქრო”, – უთხრა გატუზომ DAZN-ს.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია იმისა, რომ რინომ “მილანი” დატოვოს.