გეგა დიასამიძე: “ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”
“საბურთალოს” ფეხბურთელმა გეგა დიასამიძემ “სიონთან” (3:2) მატჩში დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის შემდეგ გეგამ “საბურთალოს” ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.
“ბოლნისის “სიონს” კარგი შემადგენლობა ჰყავს, გუნდი სწორედ ფეხბურთელების კონტიგენტით ფასდება. რთული მატჩის მოლოდინში ვიყავით. ვიცოდით, რომ იოლი შეხვედრა არ გველოდა. მართალია, ორი გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემა მივითვალე, თუმცა კიდევ შემეძლო მეტოქის კარის აღება.
შაბათს სწრაფი გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ პირველ ნახევარში ვერ დავალაგეთ თამაში. მეტოქემ მალევე გაგვიტანა. ამის მერეც გავცვალეთ გოლები, საერთო ჯამში ორმხრივი მატჩი გამოდგა. საბოლოოდ, გამარჯვებას 74-ე წუთზე მივაღწიეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ”.
– “სიონთან” მოგება ეროვნულ ლიგაში მე-20 გამოდგა. რთული იყო ამ გამარჯვებების დაგროვება?
– მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა ამ ციფრზე გაჩერებას არ ვაპირებთ. შეგვიძლია თამაშის მომატება, ამის პოტენციალი “საბურთალოს” გააჩნია. ძალიან რთული ჩემპიონატია, 36 მატჩის ჩატარება გვიწევს, რაც არ არის მარტივი. არაპროგნოზირებადი პირველობა გვაქვს, ვერც ერთ გუნდთან მარტივ გამარჯვებას ვერ დაგეგმავ. ფეხბურთელები, მწვრთნელები ბოლომდე ვიხარჯებით. სწორედ ამის შედეგია, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და ჩემპიონობისკენ ვისწრაფვით.
– “საბურთალოში” წლის დასაწყისში გადმოხვედით. იფიქრებდით, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდით?
– რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ “საბურთალოზე” იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ დიდი მიზნები და გეგმები ჰქონდა. რასაც ვფიქრობდი მართლდება. მიხარია, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ევროტურნირებზე მოხვედრა დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ დრომ მოიტანა და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.
– კარიერაში 23 გატანილი ბურთი დაგიგროვდათ, აქედან 5 გოლი უკვე “საბურთალოს” შემადგენლობაში…
– “საბურთალოში” 26 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, 5 გოლი ურიგო შედეგი არაა, თუმცა ეს ციფრი შეიძლებოდა კიდევ მეტი ყოფილიყო. გოლის გატანის შანსი ბევრ თამაშში მეძლევა, მაგრამ რამდენიმე მატჩში ვერ გავიტანე.
– რამდენიმე ქართულ კლუბში გითამაშიათ. “საბურთალოში” რას გამოარჩევთ?
– სადაც მითამაშია, ყველა დროს დადებითად ვიხსენებ. “ლოკომოტივში” თითქმის ოთხი წელი ვითამაშე, ის დროც სასიამოვნოდ მახსენდება. “საბურთალო” ძალიან შეკრული გუნდია, ყველა თავის საქმის პროფესიონალი. კმაყოფილი ვარ კლუბში შექმნილი გარემოთი, მინდორზე თუ მის გარეთ. იმედია, ჩემს მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ.
– “საბურთალო”, რომელსაც მოკლე ისტორია აქვს, ახლოსაა თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფურცელი დაწეროს – რა არის საჭირო, რომ კლუბმა სეზონი პირველი ადგილით დაასრულოს?
– ეროვნული ლიგის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი. ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ვლიდერობთ ჩემპიონატს. ვალდებულები ვართ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და სეზონის ბოლოს ჩემპიონობა ვიზეიმოთ. ყველას ეს მიზანი გვამოძრავებს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, მოზარდი თუ ჭაბუკი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც “საბურთალოს” აკადემიაში თამაშობენ, დუბლშემადგენლობისთვის, ძალიან კარგი იქნება თუ ჩემპიონები გავხდებით.
– რით განსხვავდება წლევანდელი ეროვნული ლიგა შარშანდელი სეზონისგან?
– წლეულს, რამდენიმე გუნდი საშინაო მატჩებს თავის სტადიონზე ვერ თამაშობს, რაც მათთვის არაკომფორტულია. რეგიონში რომ ჩადიხარ და სტუმრად თამაშობ, ამას თავისი ხიბლი აქვს. მართალია, ჩვენ საქმეს შედარებით გვიიოლებს, მაგრამ საინტერესოა იგივე ბოლნისში, სამტრედიაში თუ სხვა ქალაქში ფეხბურთის თამაში.
Fcsaburtalo