გეგა გობეჯიშვილს სხვა დელეგატი ჩაანაცვლებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინათ გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ უეფას წარმომადგენელის რეკომენდაციით, მას სხვა დელეგატი ჩაანაცვლებს.
“ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან თქვენს გარეშე შესაძლოა, უარესი შედეგი ყოფილიყო. ჩემ მაგივრად იქნება სხვა დელეგატი. მე აღარ ვარ დელეგატი. უეფას წარმომადგენელმა გადაწყვიტა, რომ ასე აჯობებდა.
ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემ ნაცვლად. მე ვარ რეზი არველაძის მხარდამჭერი და იმედია, ჩემი შემცვლელიც მხარს რეზის დაუჭერს. აქ იმისთვის მოვედი, რომ ხმა მიმეცა.
ჩემი დაკავება მოხდა სადარბაზოში, როდესაც მოვდიოდი “ჰოლიდეი ინში” დასარჩენად. დილით ვიცოდი, რომ ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი. დილით უნდა დავეკავებინე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ღამით “ჰოლიდეი ინში” დავრჩენილიყავი და დილით ჩამოვსულიყავი საარჩევნო ყრილობაზე. არ დაივიწყოთ, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველას გვისმენენ. ერთი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გამოვსულვარ, გაფრთხილებული ვიყავი ჩემი მეგობრების მხრიდან, ლევანის წრიდან, რომ ეს იგეგმებოდა”, – განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა.