გენადი გურალიას ვერცხლი და ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატიდან
ესპანეთში, ქალაქ სესენაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერან (35 წლის ზევით) წყალმოთხილამურეთა შორის, ტრადიციულად წარმატებას მიაღწია საქართველოს სახელით მოასპარეზე გენადი გურალიამ.
ქართველმა წყალმოთხილამურემ ორი მედლის – ვერცხლის და ბრინჯაოს მოპოვება შეძლო. ტრამპლინიდან ხტომაში გურალია ამჯერად 3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი აიღო შედეგით – 53.9 მეტრი. მასზე უკეთესი მაჩვენებელი ლიტველ რიკარდას ლაზინსკასს (55.9) და ბრიტანელ ჯეისონ სილსს (60.6) ჰქონდათ, რომლებიც შესაბამისად ვერცხლის და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მრავალჭიდში (სლალომი, ფიგურები, ტრამპლინი) კი გურალიამ მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა ჯამური 2855.01 ქულით. ვეტერანი ქართველი წყალმოთხილამურე მრავალჭიდში მხოლოდ ბრიტანელ ჯეისონ სილსს ჩამორჩა, რომელიც 2936.43 ქულით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
გენადი გურალია ვეტერანთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე რამდენიმე წელია სტაბილურად ასპარეზობს და ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური