გენო პეტრიაშვილის განცხადება თედეევთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ფოტოზე ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების წევრები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი, ასევე, მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან და რუსეთის ნაკრების მწვრთნელ ძამბოლატ თედეევთან ერთად არიან. ქართველ მოჭიდავეებს რუსეთის ფერებში გაფორმებული მაისურები აცვიათ, რომელზე თედეევია გამოსახული. ამ ფოტომ ქართველი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა.
ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.
მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის..
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!” – აცხადებს პეტრიაშვილი.