გერმანია – იტალია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
გერმანია – იტალია
შეხვედრის ადგილი: ბორდო; “Stade de Bordeaux”
შეხვედრის დრო: შაბათი, ორი ივლისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)
დღეს ევროპის ჩემპიონატის მესამე და ამ ეტაპის ყველაზე საინტერესო მატჩი გაიმართება. ბორდოში ევრო 2016-ის ნახევარფინალური საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი დიდი ნაკრები – გერმანია და იტალია შეეცილება.
გერმანელები მატჩს მშვენიერი განწყობით ხვდებიან. მერვედფინალში გერმანელებმა სლოვაკები საკმაოდ კომფორტული სხვაობით, 3-0 დაამარცხეს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანას კვლავ ვერ ახერხებს ტომას მიულერი. რაც შეეხება გერმანელთა დაცვას, ყველაფერს ამბობს ის ფაქტი, რომ მათ ევრო 2016-ზე გოლი ჯერაც არ გაუშვიათ.
იტალიელებმა კი მერვედფინალში ესპანეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები დაამარცხეს, გამომდინარე აქედან, მათ თავდაჯერებულობა ნამდვილად არ აკლიათ. ირლანდიელებთან მარცხს თუ არ ჩავთვლით, ისინი ევრო 2016-ზე ბრწყინვალედ ასპარეზობენ, რაც პირველ რიგში ალბათ ანტონიო კონტეს დამსახურებაა.
გერმანიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
26/06/16 | ევრო 2016 | გერმანია | სლოვაკეთი | 3:0 | |
21/06/16 | ევრო 2016 | ჩრდილოეთ ირლანდია | გერმანია | 0:1 | |
16/06/16 | ევრო 2016 | გერმანია | პოლონეთი | 0:0 | |
16/06/16 | ევრო 2016 | გერმანია | უკრაინა | 2:0 | |
25/06/16 | ამხ. | გერმანია | უნგრეთი | 2:0 |
იტალიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
25/06/16 | ევრო 2016 | იტალია | ესპანეთი | 2:0 | |
20/06/16 | ეჩ. | იტალია | ჩრდილოეთ ირლანდია | 0:1 | |
18/06/16 | ევრო 2016 | იტალია | შვედეთი | 1:0 | |
22/06/16 | ევრო 2016 | ბელგია | იტალია | 0:2 | |
06/06/16 | ამხ. | იტალია | ფინეთი | 2:0 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ოთხი მატჩი)
29/03/16 – ამხანაგური მატჩი: გერმანია 4:1 იტალია
15/11/13 – ამხანაგური მატჩი: იტალია 1:1 გერმანია
28/06/12 – ევროპის ჩემპიონატი: გერმანია 1:2 იტალია
09/02/11 – ამხანაგური მატჩი: იტალია 1:1 გერმანია
იოაჰიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ კვირას, ჩვენ გავაანალიზეთ იტალიის ნაკრები და მათი წინა თამაშებიც ვნახეთ – მათი კოზირი მხოლოდ დაცვითი თამაში არ არის, არამედ მათი კონტრ-იერიშებიც. ჩვენ ყველანაირად მომზადებულები ვართ. მთავარი ბალანსია შეტევასა და დაცვას შორისს – უნდა შექმნა შანსები და მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.
ამ წყვილის გამარჯვებული რა თქმა უნდა თავისუფლად შეიძლება გახდეს ჩემპიონი. ყველა გუნდს, რომელიც ამ ეტაპამდე მოვიდა, ასეთივე მიზანი აქვს. ორივეს, იტალიასაც და გერმანიასაც აქვს შესაბამისი დონე ამ ტურნირის მოსაგებად. თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა.
შესაძლოა ნახევარფინალში მასპინძლების წინააღმდეგ მოგვიწიოს თამაში, თუმცა ეს ადვილი მათთვისაც არ იქნება. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ამ მატჩის გამარჯვებული შესაძლოა ფავორიტიც გახდეს ტიტულის მოგების.”
ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ისინი ესპანელებზე უფრო ძლიერები არიან. ვფიქრობ, რომ გერმანია ამ მომენტში მსოფლიოს ყველაზე სრულყოფილი გუნდია. მათ საკმაოდ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ, ამასთანავე მათი ორგანიზების დონე ძალიან მაღალია.
ამ დღეებში ვცდილობდით გაგვეანალიზებინა ჩვენი მეტოქის შესაძლებლობები. საერთო ჯამში ვთვლი, რომ ესპანეთის მატჩთან შედარებით სრულიად განსხვავებულ შეხვედრას უნდა ველოდოთ. ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ვეცდებით, რომ ჩვენი სიძლიერეები უფრო კარგად წარმოვაჩინოთ და გერმანიას “ვატკინოთ”.
საინტერესო ფაქტები:
– გერმანიასთან/დას. გერმანიასთან დიდ ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში, იტალიას არცერთი მარცხი არ უგემია.
– “სკუადრა აძურას” 11 ფეხბურთელი იმყოფება ყვითელი ბარათის შემთხვევაში ნახევარფინალის გამოტოვების საშიშროებაში. მათ შორის ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინიც.
– გამარჯვებულები ნახევარფინალში ან საფრანგეთს დაუპირისპირდებიან, ან ისლანდიას. მატჩი მარსელში, 7 ივლისს გაიმართება.
გერმანიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი; კროოსი, ხედირა; მიულერი, იოზილი, დრაქსლერი; გომესი.
იტალიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ფლორენცი, სტურარო, პაროლო, ჯაკერინი, დე შილიო; პელე, ედერი.
Fanebi.com-ის პროგნოზი
გერმანია 1:1 იტალია