გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” “ბორუსიას” ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ალიანს არენაზე” გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.
ანგარიში თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში გაიხსნა. “დერ კლასიკერი” ერლინგ ჰოლანდის გოლით გაიხსნა. რამდენიმე წუთში ნორვეგიელმა გოლების მანქანამ “ბორუსიას” უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ჰოლანდის დუბლს რობერტ ლევანდოვსკიმ სათანადოდ უპასუხა. პოლონელმა 26-ე და 44-ე წუთებზე გატანილი გოლებით პირველ ტაიმში საყაიმო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის მეორე ტაიმი “რეკორდმაისტერის” უპირატესობით წარიმართა. ყველაფერი მატჩის ბოლო წუთებზე გადაწყდა – 88-ე წუთზე ჯერ ლეონ გორეცკამ გაიტანა, ორიოდე წუთში კი ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ასე რომ, ჰანსი ფლიკის გუნდმა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა და ამ დროისთვის ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ლაიფციგს”. “ბორუსია” კი 39 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.