სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა
დღეს, რესტორან “ქალაქურში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წელი შეაჯამა და ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოავლინა. სულ რამდენიმე წუთის წინათ გახდა ცნობილი გამარჯვებულთა ვინაობა.
საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია დასახელდა, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”) და ჯაბა კანკავა (“დნიპრო”) ჩამოიტოვა. ამ ნომინაციაზე წარდგენილ ფეხბურთელთა შორის გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ერთმა ხმამ გადაწყვიტა.
წლის საუკეთესო ლეგიონერი ასევე ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია გახდა, რომელმაც ამ შემთხვევაშიც თორნიკე ოქრიაშვილსა (“გენკი”) და ჯაბა კანკავას (“დნიპრო”) აჯობა.
ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო “დინამო თბილისის” ყოფილ თავდასხმელ ჩისკო მუნიოსს გადასცეს, რომელმაც “ზესტაფონის” ყოფილი თავდასხმელი ჯაბა დვალი და გორის “დილას” ფორვარდი ირაკლი მოდებაძე ჩამოიტოვა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “დინამო თბილისის” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი დაასახელეს, რომელმაც ლუკა ზარანდიასა (“გენკი”) და ოთარ კიტეიშვილს (რუსთავის “მეტალურგი”) აჯობა.
გამარჯვებულთა გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს.