ღია წერილი ალექსანდრე ჩივაძეს
ბატონო საშა,
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებთ რამდენიმე წუთის წინ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მაგრამ სულერთია. ნუ ჩათვლით რომ რამეს გასწავლით, გნებავთ ჩათვალეთ, ფეხბურთი თუ არ მითამაშია თქვენს დონეზე, არც თქვენზე და არც არავისზე ნაკლებად არ მიყვარს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ბოლო წლებში გინდ სტადიონზე და გინდ ტელევიზორში თქვენზე მეტი მატჩი მაქვს ნანახი.
თქვენ მოახერხეთ და საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა შედეგის გარეშე დატოვეთ, თანაც ორჯერ და დღეს საბოლოოდ გააფორმეთ, რომ ამ ორს კიდევ ერთი დაუმატეთ, უკვე ახალი თაობა – მთლად ძველებივით “მაგარი” თუ არა, ბოლო წლებში აშკარად საუკეთესო.
თქვენ შეძელით და გიორგი ქინქლაძით, არველაძეებით, ქეცბაიათი, ჯამარაულით და კიდევ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელით, ახლა მათთნაირებზე ოცნებასაც რომ აზრი აღარ აქვს, 96 წელს 7 მატჩიანი წაგებების სერია გამოაცხეთ (ამხანაგურებიანად), მოხერხება უნდა ამას დამიჯერეთ, ბევრი ვერ შეძლებდა…
არც ის გაგჭირვებიათ, რომ წელს, ეროვნულის რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერების შემდეგ ჭანტურია-ყაზაიშვილ-ანანიძე-სხირტლაძით გუნდში ერთი ნორმალური საგოლე კომბინაცია არ გაგითამაშებიათ და თბილისში 0-6 წააგეთ, სულერთია ვისთან, ფაქტია თვითონ ძალიან საინტერესო…
ხვდებით მაინც, რომ 21 წლამდელების მწვრთნელის ამოცანა მხოლოდ ეროვნულისთვის კადრების მომზადება არაა? ეს ის ასაკია, რომელში წარმატება და ფინალურ ეტაპებზე თამაში მსოფლიო კლუბების, სკაუტების უდიდეს ყურადღებას იწვევს და ეს დღეს ცალკე ამ ბიჭებისთვის და ცალკე ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია?
გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი გუნდების თამაშებში არც არასდროს ჩანდა და არც ახლა ჩანს ის, რასაც “მწვრთნელის ნამუშევარი” ჰქვია და უბრალოდ გაგიმართლათ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო თაობის გაწვრთნა მოგიწიათ, თორემ შეიძლებოდა კარიერაში ვერცერთი მატჩი ვერ მოგეგოთ?
საერთოდ გაქვთ მწვრთნელის ლიცენზია? ეს განსაკუთრებით მაინტერესებს…
მადლობა 81-ისთვის, მადლობა, რომ ქართული ფეხბურთის სახელი მსოფლიო მინდვრებზე გაგქონდათ და მადლობა სიხარულის ყველა წუთისთვის, რომელიც თქვენი თამაშით მოგინიჭებიათ, თქვენ ჩემთვის ლეგენდა ხართ, ქართული ფეხბურთის და ჩემი უსაყვარლესი კლუბის ლეგენდა, სამაგალითო ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მცველი იყო, მაგრამ არ არის მწვრთნელობა თქვენი საქმე და თუ ერთ მიზეზს მაინც დამისახელებთ, რატომაც როდისმე ვინმემ რომელიმე პროფესიული გუნდის მწვრთნელის სავარძელი უნდა განდოთ 21-ე საუკუნეში, საჯაროდ მოვიკლავ თავს!
ბოლოს მთავარი, მადლობა იმისთვის, რომ თქვენი ახალგაზრდული ნაკრების “ეპოპეით” მე პირადად დამარწმუნეთ იმაში, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ან თანამედროვე ფეხბურთზე არ აქვთ წარმოდგენა და თვლიან რომ რადგან ახალგაზრდებისთვის ვინმე “ავტორიტეტია” მას მათი გაწვრთნაც შეუძლია ან რთულ კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე.
პატივისცემით, ბ.ჯ.