გია გეგუჩაძე: “დღეს გამოჩნდა, ვის დავეყრდნობით მომავალში”
საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს ბევრი შეცდომა ჰქონდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თამაში დადებითად შეაფასა.
“ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ ბევრი დადებითიც იყო ჩვენს თამაშში. მინდოდა, ყველა ფეხბურთელი მენახა საქმეში, რადგან მომავალ შესარჩევ ციკლში ასაკით პატარა ბიჭებს უწევთ თამაში და დღეს გამოჩნდა, ვის დავეყრდნობით მომავალში. ყველაფრის მიუხედავად, თამაშს დადებითად შევაფასებ. შეცდომები იყო, მაგრამ ამას ველოდით და ვიცით, რაზე გვაქვს სამუშაო”, – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გია გეგუჩაძემ.