გია გეგუჩაძე “ზესტაფონში” დაბრუნდა!
2013 წლის 5 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია გაიმართა. იმერულის კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა.
დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გიორგი გეგუჩაძე უხელმძღვანელებს. ყველაზე წარმატებულმა ქართველმა მწვრთნელმა, რომელმაც 2004-2005 წლების სეზონში თბილისის “დინამოსთან” ერთად დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ შედეგს (თბილისელებმა მაშინ უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს) მიაღწია, 2008-2011 წლებში ზესტაფონში წარმატებით იმუშავა. სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მარგველები პირველად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და სისტემატიურად ასპარეზობდნენ ევროპულ საკლუბო ტურნირებში. საფეხბურთო სამყაროს იმ გუნდმა თავი სანახაობრივი და შემოქმედებითი ფეხბურთით დაამახსოვრა, მეტოქეთათვის კი მრისხანე და უძლეველ ძალად ჩამოყალიბდა. ბოლო 2 სეზონი გია გეგუჩაძემ ქუთაისის “ტორპედოს” მესაჭის თანამდებობაზე გაატარა – იმ ფორმაციის სიმპატიურმა ქუთაისურმა გუნდმა საკლუბო ისტორიას ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტი შემატა.
სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2014 წლის 1 იანვარს იწურება, თუმცა, მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაზე.
თავის მხრივ, გიორგი გეგუჩაძემ საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თავის ასისტენტები, მეკარეთა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები წარუდგინა:
ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებენ 40 წლის სპეციალისტი გურამ ასპინძელაშვილი, რომელიც თავის დროზე ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და 35 წლის ლევან ბაჯელიძე, რომელიც იმერულ კლუბში ამ პოზიციაზე ზაფხულის შემდეგ საქმიანობს.
რაც შეეხება ზემოიმერული კლუბის მეკარეთა მწვრთნელს, ამ თანამდებობაზე დანიშნულია დავით ჯანელიძე. ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას კი ზესტაფონელთათვის კარგად ნაცნობი სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი დაუბრუნდება.
დღეს, 16:00 საათზე, გია გეგუჩაძე პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ზესტაფონელთა დამრიგებლის ამპლუაში სადებიუტო შეხვედრას კი კვირას, 10 ნოემბერს, გამართავს – საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩამპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლებენ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური