გია გრიგალავა: “სუფთა ვარ და ნებისმიერ შემოწმებას გავივლი”
“ანჟის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად გია გრიგალავას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოჩინეს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა.
– აქამდე “ანჟისთან” ჩემი ურთიერთობის შესახებ არაფერი მითქვამს. ახლა კი ვითარება შეიცვალა და დუმილის უფლება აღარ მაქვს. გუნდის მიერ გავრცელებული განცხადება უბრალოდ სასაცილოა. მიდის საუბრები, თითქოს აკრძალული პრეპარატები 15 იანვარს აღმოაჩინეს. თუმცა, ამ ანალიზების შემდეგ 4-5 დღეში გუნდის ექიმმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად არის და ფეხბურთელებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, არადა ახლობლები მაფრთხილებდნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი და ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები.
საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. არ ვეწევი, არ ვსვამ და უფრო სერიოზულ რაღაცებზე საუბარიც კი ზედმეტია.
ერთი დღეში მეორე გუნდის ვარჯიშზე გენერალური დირექტორი მოვიდა და მწვრთნელს უთხრა, რომ მოთამაშეები გასახდელში შესულიყვნენ, სადაც ანალიზებისთვის შარდს ჩააბარებენ. აღსანიშნავია, რომ მოსულ ექიმებს თან არანაირი მოწყობილობები არ ჰქონდათ. შარდს მასაჟისტისგან ნათხოვარ ჩაის ჭიქებში ვაბარებდით.
ერთ-ერთი უკანასკნელი ვიყავი. ბიჭების უმრავლესობის ანალიზები გადაღვარეს და ტესტერებიც გადააგდეს. ჩემს შემთხვევაში კი ექიმმა ტესტერი შეინახა, რაც გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ ტესტერი დაებრუნებინათ, თუმცა ჩემი თხოვნა იგნორირებული იყო. მითხრეს, რომ მათთან ერთად წავსულიყავი, რაზეც უარი განვაცხადე. ყველაფერს მივხვდი და იმავე დღეს ვიყავი მზად მოსკოვში წასასვლელად, რათა დამოუკიდებელი ანალიზები ჩაგვეტარებინა. ექიმებს ვუთხარი, რომ მათ არ ვენდობი.
– “ანჟიში” ამბობენ, რომ ამის შემდეგ გაუჩინარდით და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდით.
– არსად არ წავსულვარ და ვარჯიშებიც არ გამიცდენია. ტელეფონი 24 საათის განმავლობაში ჩართული მქონდა. ვინც მიცნობს, ყველა ხვდება, რომ ეს პროვოკაციაა.
– რა არის ამის მიზეზი?
– ყველაფერი ჩემი კონტრაქტის გამო ხდება. ხელფასის შემცირებას არ ვთანხმდები, რის გამოც მეორე გუნდში გადამიყვანეს და დამატებითი დატვირთვებიც დამინიშნეს. ახლა კი ჩემი მოშორება ამ გზით გადაწყვიტეს.
– როგორი იყო თქვენი შემდგომი ნაბიჯები?
– მოსკოვში ანალიზების ჩასაბარებლად გავემგზავრე და თვითმფრინავში გენერალურ დირექტორს შევხვდი, რომელსაც ჩემი ნახვა ძალიან გაურკვირდა. თვითმფრინავის აფრენამდე 5 წუთი რჩებოდა, როცა კლუბის ვებგვერდზე სკანდალური განცხადება გამოქვეყნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი ანალიზებისთვის და სიცრუის დეტექტორისთვისაც მზად ვარ. საკითხავია, სხვები თუ არიან ამისთვის მზად?
– მახაჩკალაში ტესტებზე უარი რატომ თქვით?
– ადგილობრივ სისტემას აღარ ვენდობი… ჩემს სისხლში რაღაც რომ ყოფილიყო მოსკოვში ხომ არ გავემგავრებოდი? ტესტები ჩავაბარე და ხვალ დილის 10 საათზე “ანჟის” მეორე გუნდის ვარჯიშზე ვიქნები. მოსკვოში ყველანაირი ანალიზი ჩავაბარე, რომლის პასუხებიც უკანასკნელი ნახევარი წლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამოაგდებს. სუფთა რომ არ ვიყო, ამას რატომ გავაკეთებდი?
არ მესმი რატომ გამიკეთეს ეს? მგონი ფეხბურთში მსგავსი ფაქტები არც ყოფილა.
– მოსკოვის ანალიზების პასუხები როდის გამოქვეყნდება?
– დაახლოებით 10 თებერვალს.
– იანვარში თქვენი შეძენა “ამკარს” სურდა. რატომ არ განხორციელდა ტრანსფერი?
– პირობებზე ვერ შევთნახმდით, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ამ ეტაპზე კი ჩემთვის მთავარი ამ ისტორიის დასრულებაა.