გია გრიგალავამ კავკასიურ დერბიში გაიტანა
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მახაჭკალის „ანჟისა“ და გროზნოს „ტერეკს“ შორის კავკასიური დერბი შედგა. მატჩი დაღესტნური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, რაშიც თავისი წვლილი „ანჟის“ ქართველმა მცველმა გია გრიგალავამაც შეიტანა.
ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ვლადიმირ ბისტროვმა გახსნა. 33-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გია გრიგალავამ „ანჟის“ უპირატესობა განამტკიცა. მე-60 წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა დმიტრი ბილიალეტდინოვმა.
ამრიგად, ბოლოადგილოსანმა „ანჟიმ“ 20 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგაში დარჩენისთვის გასამართ საპლეიოფო მატჩებში ასპარეზობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ანჟის“ სასურველ მე-14 პოზიციამდე, რომელიც სამარის „კრილია სოვეტოვი“ აქვს დაკავებული, 6 ქულა აშორებს. „ტერეკს“ 29 ქულა დარჩა და ახლა ჩეჩნური გუნდი იმისთვის იბრძვის, რომ საპლეიოფო მატჩებში არ მოხვდეს.
ბექა დოგრაშვილი