გია ცეცაძე: “ყარაბახის” სუსტი და ძლიერი მხარეები შესწავლილი გვაქვს – მათ უნდა გავუმკლავდეთ!”
11 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანული “ყარაბახი” საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” მიიღებს.
იმერელთა თავკაცმა, გია ცეცაძემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნახევრის დასურლების შემდეგ ორი ტრანსფერი განვახორციელეთ. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები გაგავძლიერებენ. სხვა ტრანსფერების შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი კონკრეტულის თქმა არ შემიძლია. ახლა კარგი გუნდი გვყავს. თუმცა, მთლიანი კოლექტივის დაბალანსებაა საჭირო, რათა კონკურენცია ყველას შეეხოს.”
“მართალია “ყარაბახმა” ორ საკონტროლო შეხვედრაში ათი გოლი გაუშვა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. სპარინგმატჩებით გუნდის რეალური ძალა და მიზანი არ განისაზღვრება. საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავს. მათ აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ! მათი სუსტი და ძლიერი მხარეები შესწავლილი გვაქვს. ასევე, გეტყვით, რომ პირველ შეხვედრაში არაფერი გადაწყდება,” – განაცხადა ცეცაძემ.