გია ცეცაძე “საბურთალოს” აღარ გაწვრთნის
გია ცეცაძე “საბურთალოს” აღარ გაწვრთნის. თბილისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
“საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს”, – ვკითხულობთ “საბურთალოს” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცეცაძე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 8 იანვარს დაინიშნა. ის “საბურთალოსთან” ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფებოდა და ჯერ ოფიციალური მატჩი გამართულიც კი არ ჰქონდა.
შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ცეცაძის გათავისუფლება გუნდში შიდა არეულობას უკავშირდება. როგორც იცით, იყო საუბარი იმაზე, რომ გიორგი კოხრეიძისთვის 10 ნომერი ჩამოერთვათ და ის გიორგი ჭანტურიასათვის გადაეცათ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცეცაძეს კაპიტნის შეცვლა სურდა.