გიბრალტარის სტადიონის უჩვეულო ხედები: ასაფრენი ბილიკი კარის უკან და კლდე (ფოტო, ვიდეო)
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე გიბრალტარის ნაკრები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ამის მიზეზი გიბრალტარელთა სტადიონი გახდა.
D ჯგუფში გიბრალტარისა და ირლანდიის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) ტრანსლირებისას კადრში მოხვდა თვითმფრინავი, რომელიც სტადიონის მახლობლად გადააადგილდებოდა. მეტიც, არენაზე მყოფმა გულშემატკივრებმა თვითმრინავის აფრენის პროცესიც გადაიღეს.
ხუთი ათას მაყურებელზე გათვლილი “ვიქტორია სთეიდიუმი” უჩვეულო ადგილას მდებარეობს. პირდაპირ ტრიბუნიდან არამხოლოდ ასაფრენი ბილიკის დანახვაა შესაძლებელი, არამედ გიბრალტარის კლდის ცქერითაც შეგიძლიათ, დატკბეთ.
გიბრალტარი იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან მდებარეობს. ქვეყნის ფართობი 7 კვ. კმ.-ზე ნაკლებია. ესპანეთის საზღვრამდე სულ ათი წუთის სავალია. გიბრალტარს ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის სტრატეგიული ადგილი უკავია. აღნიშნული ტერიტორია უტრეხტის ხელშეკრულებით 1713 წელს გამოეყო ესპანეთს და გადავიდა დიდი ბრიტანეთის მმართველობაში. 1830 წელს კი გიბრალტარი სულაც ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა. მართალია, ესპანელებმა რამდენჯერმე სცადეს დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება, თუმცა გადაცემის ყოველ მცდელობას თავად გიბრალტარელები თითქმის ერთიანი წინააღმდეგობით შეხვდნენ. თავის მხრივ, ესპანეთი დღემდე გამოთქვამს პრეტენზიას ამ ტერიტორიაზე. 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 32 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს.
გიბრალტარი უეფას წევრი 2013 წელს გახდა. ქვეყანაში დარეგისტრირებულია 600 ფეხბურთელი.
ევროპის ჩემპიოანტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 7 ივნისს მიიღებს, ხოლო გასვლით მატჩს 15 ოქტომბერს ჩაატარებს.