გიგზი: “ეს კლუბი არასდროს შეიცვლება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, რაიან გიგზმა განაცხადა, რომ “არსენალში” დენი უელბეკის გაყიდვით “ეშმაკებს” ტრადიციებისგან არ გადაუხვევიათ.
23 წლის უელბეკი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს “არსენალში” გაიყიდა, უკანასკნელი ფეხბურთელი იყო, რომელიც “მანჩესტერის” აღზრდილი იყო და თანაც პირველ გუნდში თამაშობდა. თუმცა გიგზი აცხადებს, რომ “იუნაიტედს” არ დაუკარგავს საკუთარი თავი, როგორც ეს ერთხელ მიკ ფელანმა განაცხადა.
“ეს კლუბი არასდროს შეიცვლება. ამ კლუბის ისტორია სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს, ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემასა და ტრადიციების დაცვას მოიცავს. გასაგებია, დენი წავიდა და ეს დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ის უკანასკნელი აღზრდილი იყო, მაგრამ ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელმაც შანსი მისცა ზეედორფს, კლუივერტს, ჩავის, ინიესტასა და ტომას მიულერს.”
“ვან გაალს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გრძელი ისტორია აქვს. ტაილერ ბლეკეტმა ამ სეზონის ყველა შეხვედრაში ითამაშა. ვან პერსისა და რუნის ფონზე ადნან იანუზაი და ჯეიმს უილსონი გვყავს. მოთამაშეები ყოველთვის წავლენ “მანჩესტერ იუნაიტედიდან”, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ახალგაზრდები შანსს მიიღებენ, რადგან ამას “იუნაიტედის” ქომაგი ითხოვს.”
“მე თავადაც მინდა იმის ხილვა, თუ როგორ იჩენენ თავს ახალგაზრდები “იუნაიტედში”. გულშემატკივარი არასდროს დაგმობს ახალგაზრდას შეცდომისთვის. ისინი მათ წააქეზებენ. ეს ყოველთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში იყო და მისი დაკარგვა არ გვსურს.” – განაცხადა გიგზმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/