გიგზს ქალების ცემაში წარედგინა ბრალი
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ნახევარმცველსა და დღესდღეობით უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რაიან გიგზს სამ ინციდენტში წაუყენეს ბრალი, მათ შორის ორი ქალის ცემაში.
2020 წლის ნოემბერში გიგზი საკუთარ გელფრენდზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც მას უელსის ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობის უფლება დროებით ჩამოერთვა. მოგვიანებით ის გირაოთი გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ გიგზის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს კიდეც ორი ინციდენტი დაერთო.
“სქაი სპორტსის” ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე გიგზმა ორ ქალზე იძალადა და მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. მესამე პუნქტი ზეწოლასა და იძულებითი ხასიათის ქმედებას ეხება. თავად უელსელი ბრალდებას არ აღიარებს.
28 აპრილს რაიან გიგზი მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარსდგება.
ცნობილია, რომ 47 წლის სპეციალისტი უელსის ნაკრებს არც ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდს გიგზის თანაშემწე რობერტ პეიჯი თავკაცობს.