გიორგი აბურჯანია: “კარგი ტესტ-მატჩები გამოგვივა”
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ რუმინეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“იმ პერიოდს, რომელიც ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად გავიარეთ პროდუქტიულად შევაფასებ. რა თქმა უნდა, ყველანი სექტემბერში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, მომავალ ორ თამაშს სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ორივე მეტოქე მაღალი დონისაა და ჩემი აზრით, კარგი ტესტ-მატჩები გამოგვივა იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რაზე გვჭირდება მეტი მუშაობა და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი სექტემბერისთვის.
რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და ამავე დროს საამყოა. მას დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის ცდილობს ჩვენს დახმარებას, გუნდის თითოეული წევრისთვის მთავარ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა”, – განაცხადა აბუმ.
რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 ივნისს ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.