გიორგი არაბიძე ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი, თურქული “ადანასპორის” შემტევი ნახევარმცველი, გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, ეროვნულ ნაკრებში თავის შანსს უახლოეს პერიოდში მიიღებს.
არაბიძე 21-წლამდე ნაკრების უდავო ლიდერია და თითქმის ყველა მატჩში გააქვს გოლი. გარდა ამისა, არაბამ თურქეთშიც ძალიან კარგად დაიწყო და გასულ შეხვედრაში 3 საგოლე პასი გააკეთა.
19 წლის გიორგის ეროვნულ გუნდში საუკეთესო დასაწყისი ჰქონდა და მალევე იქცა ნაკრების ლიდერად, მაგრამ მისმა არასტაბილურობამ და სათამაშო პრაქტიკის არქონამ, ფეხბურთელი ჯერ სათადარიგო სკამზე გადასვა, შემდეგ კი ვაისმა ფედერაციასთან ერთად, არაბიძის გამოძახება შორეულ მომავალში გადადეს. როგორც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი თამაშის დროს, გიორგიმ პატივისცემაც არ გამოხატა თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მიმართ, სკამზე დარჩენით განაწყენებულმა 90 წუთის დასრულებასაც არ დაელოდა და სტადიონი დატოვა.
“ნასიონალში” არაბას კვლავ არ ჰქონდა პრაქტიკა, მაგრმა თურქეთში და ახალგაზრდულ ნაკრებში გიო საოცრად კარგად გამოიყურება და ნელ-ნელა დაბრუნებისკენ მიიწევს.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვაისმა დიდხნიანი პაუზისა და მოთხოვნის შემდეგ ნაკრებში საუკეთესო ფორმაში მყოფი გიორგი ხარაიშვილი დააბრუნა. ხარაიშვილი და არაბიძე ორივე ინდივიდუალისტები არიან და მსგავსი მოთამაშეები ნამდვილად აკლია ნაკრებს.
არაბიძემ კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, საიდანაც 2015 წელს დონეცკის “შახტარის” დუბლებში გადავიდა და 2018 წელს პორტუგალიაში, “ნასიონალში” წავიდა. “ნასიონალში” თავისი თავი ვერ იპოვა და იჯარის წესით თურქულ “ადანასპორში” გადავიდა, სადაც 1 ულამაზესი ჯარიმა თასზე შეაგდო და 3 საგოლე პასი გააკეთა 1 მატჩში.