გიორგი ჩაკვეტაძე: “აღარაფერი მაწუხებს, სრული დატვირთვით ვარჯიში შემიძლია”
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ისაუბრა.
“არაფერი მაწუხებს, თავს კარგად ვგრძნობ. ახლაც შემიძლია სრული დატვირთვით ვარჯიში. 12-ში ბელგიაში ვბრუნდები, 14-ში ვარჯიშები იწყება და ახლა უკვე ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მთავარია თამაში დავიწყო და ყველაფერი დალაგდება. “გენტთან” 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს და ვნახოთ. თავიდან როცა გუნდში მივედი, სწორედ ეს მწვრთნელი იყო, რომელიც ახლა დანიშნეს და მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.
მე ვთვლი, რომ იმ პერიოდში “გენტში” გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მაშინ, როცა ვთამაშობდი და კარგი პერიოდი მქონდა, არავინ ამბობდა რამეს. როდესაც, ტრავმა მივიღე და გამიგრძელდა ეს პროცესი, ყველამ დაიწყო საუბარი, თუ რატომ წავედი “გენტში” და ასე შემდეგ. მაინც ვთლი, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
პირველად ჩემი ტრავმის სურათი მერაბ ვარძუკაშვილს გავუგზავნე, რომელმაც პირდაპირ ოპერაციაზე თქვა. “გენტის” ექიმებმა და პრეზიდენტმა რამდენიმე ექიმს გაუგზავნეს სურათები და ყველა მათგანმა დაუშვა შანსი, რომ შესაძლოა, ვარჯიშით აღმედგინა. გუნდში მსგავსი ტრავმით სხვა ფეხბურთელმა ვარჯიშით შეძლო დაბრუნება თუმცა მე ვერ შევძელი.
ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ძალიან მომწონს მისი თამაში. მის წინააღმდეგ 1-1-ზე უშანსოდ არის მეტოქე. დიდი მომავალი ელოდება. მთავარია, ახლა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მე დარმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.
გულშემატკივარს დიდი მადლობას ვუხდი. ვეცდები ყველანაირად მალე დავბრუნდე და გავახარო”, – განაცხადა ჩაკვემ.
გიორგი მოედანზე რამდენიმე თვეა არ გამოსულა და რეაბილიტაციის პროცეშია. “დინამო თბილისის” ბაზაზე ვარჯიშობს ბელგიელ მწვრთნელთან ერთად. მისი სატრანსფერო ფასი 9 მილიონიდან 3 მილიონამდე დაეცა.