გიორგი დარასელიამ თურქული შეკრება შეაფასა
ქუთაისის „ტორპედომ“ თურქული შეკრება დაასრულა. გუნდი ორი კვირის განმავლობაში ბელეკში ემზადებოდა, სადაც გიორგი დარასელიას შეგირდებმა ხუთი სპარინგ–მატჩი გამართეს. „ტორპედომ“ გამარჯვება პირველივე ტესტ–მატჩში , ყაზახურ „ირტიშთან“ მოიპოვა (2:0), შემდეგ კორეულ „ჟეჟუ იუნაიტედთან“ (0:4) და ტაშკენტის „პახტაკორთან“ (0:1) დამარცხდა, ხოლო ბოლო ორი შეხვედრა უნგრულ „დებრეცენთან“ (2–2) და ბულგარეთის „ბოტევთან“ (1:1) ფრედ დაასრულა.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ თურქული შეკრება შეაფასა:
გიორგი დარასელია: ნაყოფიერი და კარგი შეკრება გამოვიდა. თურქეთში ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიურად ვემზადებოდით და ამხანაგური თამაშებიც საკმაოდ გავმართეთ. ჩვენ ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ და ვიცოდით, შეკრებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევდა. პირველივე “ამხანაგურში” ვიმარჯვეთ ყაზახებთან. სამწუხაროდ, დანარჩენ შეხვედრებში გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შეკრებები იმისთვის ხდება, რომ გუნდი საფუძვლიანად მოემზადოს, შემადგენლობა შეირჩეს და ახალი ტაქტიკური მონახაზი გაკეთდეს. ჩვენმა სპარინგ-მეტოქეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ მაინც ტაშკენტის „ფახტაკორსა“ და უნგრულ „დებრეცენს“ გამოვარჩევდი.
– დასრულებულია თუ არა ამ ეტაპზე გუნდის შევსება?
– ჩვენ კიდევ გვჭირდება გაძლიერება, ამიტომ არ გამოვრიცხავ ახალი ფეხბურთელებიც ვიხილოთ გუნდში.
– 18 თებერვალს საფეხბურთო სეზონი განახლდება. რას უნდა ელოდოს მეორე წრეში ქუთაისელი ქომაგი?
– საწყისი თამაშები ყოველთვის რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი კარგი სტარტით დავიწყოთ. ჩემპიონატში რთული სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, რაც „ტორპედოს“ ნამდვილად არ ეკადრება, ამიტომ ვეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
FCTorpedo.GE