გიორგი დევდარიანი: “ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ამაზე ძლიერი გუნდები არ არიან”
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში გასამართი ელიტრაუნდისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია შედგა. ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა უპასუხა.
გიორგი დევდარიანი: “ძალიან რთული ჯგუფია. ყველა გუნდი ანგარიშგასაწევი ძალაა. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ამაზე ძლიერი გუნდები არ არიან. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მოწინააღმდეგეების მიმართ. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება. გავიგებთ, თუ განვითარების რა საფეხურზე ვართ ჩვენს ევროპელ მეტოქეებთან შედარებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ღირსეულ ფეხბურთს აჩვენებს. ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს ამ თამაშების მნიშვნელობას და ყველამ იცის თავისი როლი. მოსამზადებელმა ეტაპმა იდეალურად ვერ ჩაიარა, რადგან საქართველოს თასის ფინალისა და უმაღლესი ლიგის პლეიოფებმა გარკვეული დაღი დაასვა ამ პროცესს. თუმცა, სასიხარულოა, რომ მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და ტურნირს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.”