გიორგი დევდარიანი: “რუმინეთზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და მოგებაც შეგვიძლია”
კვიპროსთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, შეხვედრა შეაფასა.
გიორგი დევდარიანი: “საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა რომ გვაქვს, დღესაც გამოჩნდა. პრობლემები დაცვის ხაზშიც იყო. მოგეხსენებათ, ტრავმირებული მცველების გამო უკანა ხაზში პოზიციით შემტევებს მოუწიათ თამაში, თუმცა მათ დაკისრებული დავალებები ასე თუ ისე შეასრულეს. ვეცდებით, რომ შემდეგი შეხვედრაც მოვიგოთ და მონტენეგროსთან დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ხსენებული შეხვედრაში შეცდომები მეც დავუშვი, რამაც შედეგზე იქონია გავლენა.
მიუხედავად ორი წაგებული მატჩისა, რუმინეთი ჩვენთან ბოლომდე იბროძოლებს. ამიტომ, საკმაოდ რთული მატჩი გველის. მაგრამ, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და მოგებაც შეგვიძლია.
ზარანდია 2 თვე ტრავმას მკურნალობდა და ბუნებრივია, რომ სასურველ ფორმაში ვერ იქნება. თუმცა, ჩვენ მისგან მაინც მეტს ვითხოვთ. ყველამ იცის, რომ ზარანდიას უკეთ შეუძლია თამაში”