გიორგი გაბედავა კარიერას პოლონეთში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 22 გოლით, საჩხერის “ჩიხურას” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი 53 გოლით, გიორგი გაბედავა კარიერას პოლონეთის ბოლო ადგილოსან გუნდში, ზაგლებიეს “სოსნოვეცში” გააგრძელებს.
გაბეს პოლონეთში გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზეს და 29 წლის თავდამსხმელმაც გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მიიღო.
გაბედავას ნაკრებში გამოძახებაც პოლონეთის ჩემპიონატიდან უფრო მეტად რეალური ჩანს, თუმცა “სოსნოვეცს” 20 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და გავარდნის მთავარი კანდიდატია. მიუხედავად ამისა, კლუბს შეუძლია ბოლო პოზიციას თავი დააღწიოს და გადარჩეს.
გიორგი წლების განმავლობაში “ჩიხურაში”, “გაგრაში”, “სამტრედიაში” და “ზუგდიდში” თამაშობდა. 2010 წელს უკრაინულ “ილიჩევიჩშიც” ასპარეზობდა, თუმცა ნაკლებად წარმატებულად. გაბეს მე-2 შანსი აქვს უცხოეთში დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.