გიორგი გოგშელიძეს ოლიმპიური ვერცხლი ბრინჯაოს ნაცვლად
თავისუფალი სტილის მოჭიდავეს გიორგი გოგშელიძეს 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცემა, შესაბამისად კი – პეკინში მიღებული ბრინჯაოს მედლის დაბრუნება მოუწევს.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW), რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დოპინგტესტების შედეგები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები. ამ დოკუმენტების მიხედვით, 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე და ფინალში გასულ თაიმურაზ თიგიევს (ყაზახეთი) განმეორებით სინჯშიც აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის – ტურინაბოლის კვალი. არსებული წესების თანახმად, პეკინში თიგიევის მიერ ნაჩვენები შედეგი ანულირებულია. შესაბამისად, ბრინჯაოსან გიორგი გოგშელიძეს, რომელიც ნახევარფინალში სწორედ თიგიევთან დამარცხდა, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მიენიჭა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს მიიღებს მეხუთეადგილოსანი მიშელ ბატისტა (კუბა), რომელმაც სამედლო ბრძოლა გოგშელიძესთან წააგო.
ასევე გადაისინჯება პეკინის ოლიმპიადის შედეგები თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის კიდევ რამდენიმე წონით კატეგორიაში.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი