გიორგი ხარაიშვილი: “საბურთალო ჩემპიონობას ყველაზე მეტად იმსახურებს”
გიორგი ხარაიშვილი, რომელიც შვედეთის “გიოტებორგში” პირველ სეზონს ატარებს, გუნდის ლიდერად ყალიბდება. როდესაც “რობის” ევროპაში შევეხმიანეთ, საუბარი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:
– გიორგი, ტრავმის გამო ახალგაზრდულ ნაკრებს ფინეთთან მატჩში ვერ დაეხმარეთ. რამდენად სერიოზულია ტრავმა?
– ტერფის ძვალი მტკივა, ამავდროულად პახი მაქვს დაჭიმული. ექიმებმა მირჩიეს დამესვენა და ამიტომ ვერ გამოვცხადდი 21 წლამდელთა ნაკრებში. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები.
– “გიოტებორგმა” ბოლო ოფიციალური მატჩი გასულ უქმეებზე გამართა, სადაც მე-100 წუთზე გოლი გაიტანეთ. საინტერესოა, რატომ დაამატა მსაჯმა ამდენი დრო, რა იყო ამის მიზეზი?
– 94-ე წუთზე ერთ-ერთ ჩვენს ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება დაჭირდა და თამაში ამიტომ გაიწელა. იქ სხვადასხვა პატარა გაჩერებებიც იყო, რაზეც მსაჯს ამდენი დროით მოუწია დამატება. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მე-100 წუთზე გამთანაბრებელი გოლი გავიტანე.
– გოლის ეპიზოდს როგორ გაიხსენებთ?
– ჯარიმა დაინიშნა, დაახლოებით 23-24 მეტრიდან. სიმართლე გითხრათ, გოლის ეპიზოდი კარგად არ მახსოვს, გუნდელების რეაქციით მივხვდი, რომ ბურთი ბადეში გაეხვა. ამ დროს ყველა ჩემსკენ მორბოდა და აღარც კი მახსოვს რა ხდებოდა. ეს არ იყო ის შედეგი, რომელიც მატჩის წინ გვქონდა დაგეგმილი. საშინაო სტადიონზე ვთამაშობდით და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავდით.
– ყველა სტანდარტს თქვენ ასრულებთ. მწვრთნელის დავალებაა?
– სტანდარტულ მდგომარეობებზე ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი “საბურთალოში”, ასე გრძელდება ახლაც. რაც შვედეთში ვარ, მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით სტანდარტულების შესრულებაზე ჩამონათვალში ყოველთვის პირველი ვწერივარ.
– რამდენიმე კვირის წინ, ქართულ და უცხოურ პრესაში ბევრი დაიწერა, თითქოს “აიაქსის” სელექციონერები თვენს მიმართ არიან დაინტერესებულნი. რამდენად რეალურად უყურებთ ამ ყველაფერს?
– შვედეთში ბევრი საინტერესო მატჩი იმართება, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. გადმოცემით ვიცი, რომ სხვადასხვა შეხვედრებს ბევრი სკაუტი ადევნებს თვალს. არაა გამორიცხული, რომ სხვებთან ერთად, მეც მიყურებდნენ, თუმცა ჩემს აგენტს, რომელიც მხოლოდ 100 პროცენტიან ინფორმაციებს მაწვდის, მსგავსი არაფერი უთქვამს. მეც, ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ პრესისგან შევიტყვე.
– საქართველოს ეროვნულ ლიგაში 8 ტური დარჩა, “საბურთალო” კი კვლავინდებურად ლიდერობს გათამაშებას. რას ეტყვით თქვენს მეგობრებსა და ყოფილ გუნდელებს?
– ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ, რათა ამ დონემდე მივსულიყავით. ახლა, როდესაც “საბურთალო” ძალიან ახლოსაა სასურველ მიზნამდე, ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს. არ უნდა მოდუნდეს არავინ, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. დარწმუნებული ვარ “საბურთალოს” ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ამის გაკეთება ყველას ერთად შეუძლია. “საბურთალოში” გამოცდილი და ფეხბურთში კარგად მოაზროვნე ადამიანები მუშაობენ. გადაჭარბებულ ნათქვამში არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ “საბურთალო” ჩემპიონობას ყველაზე მეტად იმსახურებს!
– იმაზეც ხშირად საუბრობენ, რომ გიორგი ხარაიშვილი “საბურთალოს” ახლა რომ ჰყოლოდა, უკვე ჩემპიონი იქნებოდა…
– ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ “საბურთალოსთან” ერთად რომელიმე ტიტული მომეგო. “საბურთალოსთან” ერთად მეც ვიზრდებოდი, თბილისურ კლუბთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ისე მოხდა, რომ წელს კარიერა ევროპაში გავაგრძელე, მაგრამ “საბურთალოში” გატარებულ დროს, ვერაფერი წაშლის.
საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი. ერთს კი ვიტყვი – “საბურთალო” შეკრული კლუბია და არასდროს იქნება ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში თითოეული ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს.
FCsaburtalo