გიორგი ხარაიშვილის შეძენა ამსტერდამის “აიაქსს” სურს
ამსტერდამის “აიაქსი” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და შვედური “გიოტებორგის” ნახევარმცველის, გიორგი ხარაიშვილის მიმართ ინტერესს იჩენს. Aftonbladet-ის ცნობით, ამსტერდამული კლუბის მთავარი სკაუტი ჰენკ ველდმეიტი 22 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშის სანახავად შვედეთში იყო ჩასული.
“ჩემი აგენტი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში მესაუბრება, თუ დაინტერესება 100 პროცენტით რეალურია. მას ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამს. მან იცის, რომ “გიოტებორგში” თავს კარგად ვგრძნობ”, – აცხადებს ხარაიშვილი.
ასევე, “აიაქსის” მხრიდან ინტერესზე კომენტარი “გიოტებორგის” სპორტულმა დირექტორმაც გააკეთა.
“ვიცი, რომ რამდენიმე კლუბი მას აკვირდება. ხარაიშვილს ჩვენთან დარჩენა სურს”, – განაცხადა მატს გრენმა.
ხარაიშვილი “გიოტებორგში” 2018 წლის თებერვალში “საბურთალოდან” გადავიდა. შემტევმა ნახევარმცველმა შვედური გუნდის მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა.