გიორგი ხიდეშელი – ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ მომავალს
დინამო თბილისში 1988 წლის 23 იანვარს დაბადებული ცენტრალური მცველი, გიორგი ხიდეშელი ითამაშებს. 25 წლის ცენტრალურმა მცველმა ფეხბურთის თამაში თბილისში, შრომითი რეზერვების გუნდში დაიწყო, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა კი თბილისის თბილისში ასპარეზობისას ითამაშა. ამის შემდეგ, გიორგი ხიდეშელმა ზესტაფონის საფეხბურთო კლუბში 8 წელი გაატარა და ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. გიორგის ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა, ფორმის აღდგენის შემდეგ კი ექვსი თვე ქუთაისის ტორპედოში გაატარა. გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულ გუნდშიც უთამაშია.
გიორგი ხიდეშელი – პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა დინამოს ხელმძღვანელობას, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მეც ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ იმედები გავამართლო და ღირსეულად გამოვიდე დინამოს მაისურით. რაც შეეხება გეგმებს, საქართველოს ჩემპიონობა ეს მინიმუმია რაც შეიძლება დინამომ დაისახოს და მერე რა თქმა უნდა ღირსეული გამოსვლა ევროასპარეზზე. ძალიან მოტივირებული ვარ ამ ყველაფრისთვის და ჩემს კარიერაში დინამო ახალი გამოწვევაა. მინდა რომ დინამოს გულშემატკივრის წინაშე ღირსეულად წარვსდგე. ახალ გუნდში როდესაც მიდიხარ მაინც არის რაღაც სირთულე და უხერხულობა, იმდენად არ გამჭირვებია, პირველი დღეები. ბევრ მათგანს ძველი კლუბიდან ვიცნობ, ზესტაფონში ერთად გამოვდიოდით. დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი, ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ მომავალს. დიდი ხანია ტრავმის შემდეგ მოსამზადებელი ეტაპი არ გამივლია და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და დინამოში თამაში.
fcdinamo.ge