გიორგი კოხრეიძე: “ზამთრის თასს” ჩვენთვის ორმაგი დატვირთვა აქვს”
11, 12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებას უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას ეროვნული ლიგის ჩემპიონიც მიიღებს. “საბურთალოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კოხრეიძემ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ზამთრის თასის გათამაშება საინტერესო ტურნირია. ხსენებულ შეჯიბრებას ჩვენთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს. წლეულს მესამედ ტარდება და ვეცდებით გამარჯვებულები გავხდეთ.”
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასი 2019-ს 15- წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. ტურნირში რეგიონული ნაკრებები და საფეხბურთო კლუბების 15-წლამდე გუნდები მონაწილეობენ.
წელს ზამთრის თასის გათამაშება მესამედ გაიმართება. 2017 წელს გამართული პირველი ტურნირის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი “გაგრა” გახდა, 2018 წელს კი, საუკეთესოს ტიტული თბილისის “ლოკომოტივმა” მოიპოვა. ლეგენდების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.
2015 წლის 20 დეკემბერს უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა როგორც ქართულ ფეხბურთში, ისე – უცხოურში. პეტრიაშვილი უეფას და ფიფას მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თბილისის “დინამოს” ყოფილი მმართველი დირექტორი გახლდათ.