გიორგი კორიფაძე: “კარანტინის გასვლის შემდეგ პირველი საჩხერის ჰაერს ჩავისუნთქავ”
საჩხერის “ჩიხურას” 30 წლის ლიდერი გიორგი კორიფაძე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი და საუკეთესო პენალტისტია. კორიფაძე თვითიზოლაციის პერიოდს თბილისში ატარებს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. Fanebi.com გიორგის დაუკავშირდა და მასთან საინტერესო საკითხებზე ინტერვიუ ჩაწერა.
– კორონა ვირუსმა მსოფლიოში სხვა ყველაფერთან ერთად, ფეხბურთიც შეაჩერა. როგორ გრძნობთ თავს და როგორ ვარჯიშობთ ამ პირობებში?
– თავს მართლა ცუდად ვგრძნობ, იქედან გამომდინარე, რომ რითიც ვცხოვრობდი – ყოველდღე ვარჯიშები, გუნდელები, იქაური ატმოსფერო სულ სხვაა და ამხელა შესვენების პერიოდში, ძნელია ამ ყველაფრის გარეშე ყოფნა. გუნდის მიერ მოცემული ინდივიდუალური პროგრამის მოშვებით ვვარჯიშობ და ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო, რაც ცალკე პრობლემაა.
– ეროვნული ლიგის ოთხივე წრის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორი ფორმატით უნდა ჩატარდეს ჩემპიონატი? თუნდაც უმაყურებლოდ?
– ვფიქრობ, 2 წრედ ჩატარება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება და რაც მალე განახლდება, მით უკეთესი, თუნდაც თავდაპირველად უმაყურებლოდ.
– საქართველოში, ჩემი და ბევრი გულშემატკივრის აზრით, უდავოდ საუკეთესო პენალტისტი ხართ. გამორჩეულად ვარჯიშობდით პენალტის დარტყმაში? და ჰამზიჩს და მწყერაშვილს შოკოლადებსაც ხომ არ უგებთ?
– გამორჩეულად არასდროს მივვარჯიშია, მაგრამ 2014 წლის ევროპა ლიგის თამაშის მერე, სადაც პენალტი გავიტანე, ყველას მოეწონა ჩემი დარტყმული და ეს მისიაც მე დამეკისრა “ჩიხურაში”. სანაძლეოზე მათთან არ მითამაშია.
– საჩხერის “ჩიხურა” წლების შემდეგ ლეგენდარულმა სოსო ფრუიძემ დატოვა. ბატონ სამსონთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ და რომელიმე მომენტი განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?
– ძალიან ბევრი მომენტი მახსენდება, მაგრამ განსაკუთრებულად ვერ გამორჩევ. ნამდვილად დიდი მწვრთნელია და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და პირადად მადლობას გადავუხდი გაწეული დიდი სამსახურისთვის.
– ფრუიძის წასვლის შემდეგ გუნდი ვახტანგ თურმანიძემ ჩაიბარა. “ჩიხურამ” სეზონის პირველი 2 შეხვედრა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს მაინც ორივე დათმო. რა შეუძლია თურმანიძეს და ამ შემადგენლობას?
– თურმანიძე ძალიან კარგი და ჭკვიანი მწვრთნელია. შეიძლება ითქვას, ფრუიძის გაზრდილია. შემადგენლობას არაფერი დაეწუნება, უბრალოდ, ვფიქრობ, ძალიან მოკლე დრო გვქონდა მოსამზადებლად და შესათამაშებლადაც და ეს იყო ამ 2 თამაშის არასასურველი შედეგის წინაპირობა. გუნდის მიზანი, როგორც ყოველთვის, რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა.
– კარიერაში მხოლოდ 3 გუნდში გითამაშიათ და აქედან “დილაში” მხოლოდ 1 სეზონი გაატარეთ. როგორც ჩანს, სტაბილურობა თქვენი ერთ-ერთი დევიზია. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, უცხოეთში წასვლის საჭირო დრო ხომ არ გამოგეპარათ?
– სტაბილურობას, როგორც ვარჯიშის, ისე თამაშის დროს ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი და დღესაც ასეა. წლების წინ, როცა “ვიტ ჯორჯიაში” ვიყავი, მქონდა საინტერესო შემოთავაზება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წასვლა ვერ მოვახერხე. მას შემდეგ რაიმე რეალური წინადადება არ ყოფილა. თუ რამე იქნება, მზად ვარ გამოწვევებისთვის.
– როგორ ატარებთ თვითიზოლაციაში დროს? (რას უყურებთ, რას უსმენთ, რას კითხულობთ)
– დილას ვარჯიში, დავრბივარ და მერე სულ სახლში ვარ. ვცდილობ ეს დრო მთლიანად ბავშვებს და ოჯახს დავუთმო.
– კარანტინის გასვლის შემდეგ პირველი რას გააკეთებთ?
– საჩხერის ჰაერს ჩავისუნთქავ.