გიორგი ლომაია “დინამო თბილისში” დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია 16 წლის შემდეგ “დინამო თბილისში” დაბრუნდა.
“პირველი პროფესიონალური კონტრაქტი “დინამოსთან” გავაფორმე და კარიერის ბოლოს სახლში დავბრუნდი. აქ შესანიშნავი გარემოა, მომზადებისთვის ბრწყინვალე პირობებია. ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი კოლექტივია. ყველანი შევეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის სანუკვარ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. მე ვფიქრობ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის კარგი გუნდი უნდა გამოვიდეს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – აღნიშნა ლომაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლომაია უკანასკნელად ბაქოს “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. 36 წლის ქართველი მეკარე აზერბაიჯანულ კლუბში 2009 წლიდან თამაშობდა. ლომაია “დინამოში” 1997-1998 და 1999-2000 წლებში ასპარეზობდა.