გიორგი ლომაია: “ისინი პროვოკატორები არიან”
ბაქოს “ინტერის” მოქმედმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კიპერმა გიორგი ლომაიამ “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში (0:0) მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სტადიონზე დამსწრე “ქართული სპორტის ქომაგების” წევრებმა ტრიბუნაზე გამოკიდეს რუკა, რომელზედაც თანამედროვე საქართველოს ტერიტორია და ქვეყნის დაკარგული მიწები იყო გამოსახული, ოთარ ჭილაძის სიტყვების პერიფრაზით: “მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია” და წარწერით: “THIS IS GEORGIA” (“ეს საქართველოა”).
აზერბაიჯანულმა მხარემ ეს პროვოკაციად შეაფასა. “ქართული სპორტის ქომაგების” ამ საქციელს პროვოკაციად აფასებს ქართული საზოგადოების ნაწილიც, რომელთა შორის გიორგი ლომაიაც გახლავთ.
“ისინი პროვოკატორები არიან. არ მჯერა, რომ ისინი ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ასეთ ხალხს ერთი მიზანი აქვს – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭება. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობაა. მჯერა, რომ ასეც გაგრძელდება”, – გიორგი ლომაიას სიტყვებს azerisport-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ “ქართული სპორტის ქომაგების” სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.