გიორგი ლორია “ანჟიში” მიდის
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამარის “კრილია სოვეტოვის” მეკარე გიორგი ლორია კარიერას მახაჩყალის “ანჟიში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას რუსული ინტერნეტპორტალი “ჩემპიონატი” ავრცელებს.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი მომდევნო კვირაში გაფორმდება.
გიორგი ლორია “კრილია სოვეტოვის” რიგებში 2015 წლიდან თამაშობს. ქართველმა მეკარემ ამ ზაფხულს მიუნხენში ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცესს გერმანიაში გადიოდა, რუსულ კლუბს კი აგვისტოს დასაწყისში დაუბრუნდა.
გასულ სეზონში 31 წლის კიპერმა რუსეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა. როგორც მოგეხსენებათ, “კრილია სოვეტოვი” შარშან პრემიერლიგიდან გავარდა, “ანჟი” კი რუსეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ “ანჟიმ” ამ ზაფხულს ჯაბა ლიპარტიას სახით ერთი ქართველი ფეხბურთელი უკვე დაიმატა.