გიორგი ლორია: “ჩემპიონატის განახლება მხოლოდ ჩვენ გვსურდა”
ფამაგუსტას “ანორთოსისისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ “ტაიმაუტში” კვიპროსის ჩემპიონატის გაუქმებაზე ისაუბრა.
“ჩემპიონატის განახლება მხოლოდ ჩვენ გვსურდა, არავის არ გამოუთქვამს სურვილი და ბოლოს “აეკიც” გვემხრობოდა, რომელსაც, შესაძლოა, ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი ჰქონოდა. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე ვიყავით და მე-2 პოზიციაზე 2 ტურის წინ გადავინაცვლეთ. თან, მეტოქემ მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში გვაჯობა და არა ქულებით.”
“უეფას აღმასკომი კიდევ ერთხელ გადაიდო და ვფიქრობ, შემოდგომას ჩატარებას კვლავ ვერ შეძლებენ და სჯობს, მომავალი წლის მარტში გაიმართოს შეხვედრა. შეუძლიათ ნებისმიერ შაბათ-კვირას დანიშნონ მატჩი, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. ასეთ თამაშს დიდი მომზადება სჭირდება”, – განაცხადა ლორიამ.
“ანორთოსისმა” კვიპროსში ვარჯიში პირველმა განაახლა და ჩემპიონატის დაწყებას ემზადებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გაუქმების გადაწყვეტილებით საშინლად გაბრაზებულია.