გიორგი ლორია საბერძნეთში ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი კრეტის ოფი-ის ღირსებას დაიცავს. აღნიშნული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის ივნისის თვიდან იტალიელი ჯენარო გატუზო მუშაობს. ლორიამ ოფი-ში გადასვლა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
“დღეიდან ოფიციალურად ოფი-ის ფეხბურთელი ვარ. ძალიან გამიხარდა, რომ ოფი-ში ჩავირიცხე. შევხვდი მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, ვესაუბრე, ძალიან უნდა ჩემი აქ ყოფნა. ოფი ამბიციური გუნდია, მიზნები გააჩნია და იმედია, მეც ყველანაირად დავეხმარები ოფი-ს წარმატების მიღწევაში. შანსი არის, დავამტკიცო, რომ ევროპაში თამაშის ღირსი ვარ და ეს ჩემი მომავლისთვისაც კარგია”, – აღნიშნა ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია აქამდე “დინამო თბილისის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ოფი-ს, გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა.