გიორგი ფანცულაია: “სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი ფეხბურთს ვითამაშებ”
26 წლის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ფანცულაია წლების განმავლობაში “საბურთალოს”, “დილას”, “ზესტაფონის”, “ცხინვალის” და “ჩიხურას” რიგებში გამოდიოდა და ყველა გუნდში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. Fanebi.com გიორგის დაუკავშირდა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ინტერვიუ ჩაწერა.
– მამათქვენი, მამუკა ფანცულაია გამორჩეული თავდამსხმელი გახლდათ. აღარ გეკითხებით რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მან თქვენ კარიერაზე, პოზიცია მისგან გამომდინარე აირჩიეთ?
– დიახ, მამუკა ნიჭიერი და გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ასაკობრივ ნაკრებში ევროპის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ბავშობიდანვე შეტევითი ფეხბურთი მომწონდა და მეც თავდასხმაში თამაში უფრო მხიბლავს.
– როცა “ტორპედოს” შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანეთ, თქვენ მიმართ ძალიან დიდი მოლოდინები გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, გაამართლეთ ეს მოლოდინი?
– ჯერჯერობით არ გამიმართლებია ეს მოლოდინი. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
– საქართველოში თითქმის ყველა გამორჩეულ გუნდში გითამაშიათ, გოლებიც გაჰქონდათ, თუმცა პრაქტიკულად 1 წელზე მეტი არცერთ კლუბში არ რჩებოდით. რა იყო ამის მიზეზი?
– ვერ გეტყვით, გარკვეული მიზეზები ყოველთვის იყო. კონკრეტული ისეთი არაფერი.
– 21 წლის ასაკში “ოლიმპიკში” იყავით სინჯებზე. რატომ არ გამოვიდა ეს ტრანსფერი და საერთოდ, ხომ არ დაგაგვიანდათ უცხოეთში წასვლა?
– “ოლიმპიკამდე” 17 წლის ასაკში რუსეთში, კრილია “სოვეტოვში” ვიყავი და კონტრაქტსაც ვაფორმებდი, რომ არა გარკვეული შეუთანხმებლობა კლუბის პრეზიდენტთან. იყო კიდე რაღაც სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ასე გამოვიდა როგორც არის.
– საქართველოს რამდენიმე ახალგაზრდულ ნაკრებში გითამაშიათ. საუკეთესო პერიოდში და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდასხმის ხაზის პრობლემებიდან გამომდინარე, იმსახურებდით ნაკრებში გამოძახებას?
– ალბათ არ ვიმსახურებდი, თორე გამომიძახებდნენ ეროვნულ ნაკრებში.
– ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე შეიკრიბა და თქვენც სწორედ ამ დროს შეუერთდით. მანამდე სხვა შემოთავაზებები თუ გქონდათ?
– მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ქუთაისის “ტორპედოს” მივანიჭე უპირატესობა. ქუთაისის “ტორპედო” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო ყოველთვის საქართველოს ისტორიაში. ამავდროულად ძალიან კვალიფიციური და კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს.
– შეუძლია ამ ფორმაციის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში ევროთასების საგზური მოიპოვოს?
ვნახოთ, ამას დრო გვაჩვენებს. პრობლემებით დავიწყეთ, მაგრამ ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი ჩამოყალიბდა, რაც დიდი პლიუსია.
– შეიძლება ითქვას, ერთი მხრივ, ეს სიტუაცია “ტორპედოს” საფეხბურთო თვალსაზრისით შეიძლება აწყობდეს კიდეც. გუნდი ვერ მოემზადა, როცა ელიგის სხვა ყველა გუნდი უცხოეთში გადიოდა შეკრებას. როგორ ემზადებით თვითიზოლაციაში?
– ვერ ვიტყოდი, რომ ვინმეს ეს სიტუაცია აწყობდეს საქართველოში. კი გვქონდა პრობლემები, მაგრამ ნელ-ნელა დალაგდება სიტუაცია, როგირც ჩვენთან, ასევე ქვეყანაში. შეძლებისდაგვარად ვემზადები თვითიზოლაციაში.
– როგორ ატარებთ თვითიზოლაციაში დროს?
– ვატარებ ისე როგორც თითქმის ყველა ფეხბურთელი. Playstation, Fifa და ა.შ. წიგნი: პოლ ქლივის დამლაგებელი, მუსიკა: ხასიათის მიხედვით.
– სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი რას გააკეთებ?
– ფეხბურთს ვითამაშებ.