გიორგი ყიფიანი: “ფეხბურთელებმა ჩემი ყველა დავალება შეასრულეს”
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა შვედეთთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დიდ მადლობას მოგახსენებთ გულშემატკივრობისთვის. როცა საქართველოს ნებისმიერი ნაკრები იმარჯვებს, ეს დიდი წარმატებაა, ამიტომ გილოცავთ.
ვიცოდით, რომ დაძაბული მატჩი გველოდა. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა უნდა მოგვესწრო. მინდა, ჩემი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები გამოვხატო. რთული მატჩი იყო. შეგვეძლო, კიდევ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მომენტები მოწინააღმდეგესაც ჰქონდა.
პორტუგალიასთან მატჩისაგან განსხვავებით, უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით და ორი გოლი გავიტანეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველა ის დავალება შეასრულეს, რაც მათ მივეცი. პორტუგალიასთან მატჩი გავაანალიზეთ და მივხვდით, რომ კიდევ უფრო დიდი შეტევითი პოტენციალი გვქონდა. ყველა შეხვედრაში ვეცდებით, რომ მოვუმატოთ, შემდეგ მატჩამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიც სწორედ ამაზე ვიმუშავებთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ უკვე მომდევნო შეხვედრისთვის მზადებას ვიწყებთ, რომელსაც სრული მზადყოფნით უნდა შევხვდეთ.
ვერ ვიტყვი, რომ პორტუგალიასთან ფრთხილი ტაქტიკა შევარჩიეთ. რადგანაც ის გახსნითი მატჩი იყო, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც გარკვეული როლი ითამაშა. მე ყოველთვის ვეუბნები ფეხბურთელებს, რომ დაბალანსირებულად უნდა ვითამაშოთ – დაცვაშიც და შეტევაშიც სწორად უნდა ვიმოქმედოთ.
ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ არაბიძე გუნდური თამაშიდან ამოვარდნილი იყო. შესაძლოა, რიგ ეპიზოდებში შეეძლო სხვანაირად ემოქმედა, თუმცა გუნდიდან ამოვარდნილი არ ყოფილა. გუნდი ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელებისაგან შედგება, ჩვენ კი გვინდა, რომ ისინი გავაერთიანოთ.
პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მეორე ნახევარში თამაშს ისევ 0:0-დან ვიწყებდით, ამიტომ მოდუნება არ შეიძლებოდა. ზოგადად, ასეთ თამაშს მსგავსი სცენარი ახასიათებს. როცა გუნდი მარცხდება, შეტევაში დიდი ძალებით მიდის. ასევე, ჩვენი მიზანი ბურთის კონტროლი იყო. ეპიზოდურად, ეს გამოგვივიდა.
ჩეხეთის ნაკრების ძალიან კარგი გუნდია, მათი რამდენიმე შეხვედრა ვნახე. პორტუგალია-ჩეხეთის მატჩი ჩვენთვის ძალიან ინფორმაციული იქნება, რადგან ბევრ დეტალს გავიგებთ. თანამედროვე აპარატურა გვაქვს, ბიჭებს სხვადასხვა პროცედურები უტარდებათ, რათა ძალები აღიდგინონ.
ჩვენ გუნდი ვართ, რომელშიც ყველა ფეხბურთელს თანაბარი უფლება აქვს, როგორც ვარჯიშზე, ისე სადილზე და ისე თამაშზე. რაც შეეხება არაბიძისა და თანაგუნდელების ურთიერთობას, ამის პრობლემას ვერ ვხედავ. უკვე მესამე მატჩზე ვფიქრობთ, გუნდში არანაირი უთანხმოება არ არსებობს და ყველანი ერთად ვემზადებით.
ყვითელი ბარათის მიღება მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ ის სპორტული კუთხით ხდება. დისციპლინაზე ყოველთვის ვსაუბრობ. ჩვენს ყვითელ ბარათებს მაინც მოზღვავებულ ემოციებს ვაბრალებ, ეს კარგი არ არის. მათ ემოციების კონტროლი უნდა ისწავლონ. დისციპლინის მხრივ პრობლემა არ გვაქვს, მცირე პრობლემების მოგვარებასაც ვეცდებით.
ვიცოდით, რომ საწყისი წუთები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენი მიზანი თამაშის აქტიურად დაწყება იყო და სასიხარულოა, რომ პირველი გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ 100 პროცენტიანი მომენტიც გვქონდა.
ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელის ქმედება საერთო ჯამში გუნდს უნდა გამოადგეს, სწორედ მაშინ არის ის ინდივიდუალურად ძლიერი. ბურთის ამოტანის შემდეგ, ფეხბურთელებს რამდენიმე მიმართულებას ვაძლევთ, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი დრიბლინგია. ვფიქრობ, ამ კუთხით ნორმალურად გამოვიყურებოდით. არცერთი ჩვენი ფეხბურთელი თავისი ინდივიდუალური თამაშით პრობლემას არ გვიქმნიდა.
ჩვენ თავიდანვე დავისახეთ ის მიზანი, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით. სამწუხაროდ, პირველ მატჩში დავმარცხდით. მიხარია, რომ დღეს გავიმარჯვეთ, ახლა მოწინააღმდეგეზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული და მომდევნო შეხვედრაშიც გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ.”