გიორგი ქვილითაია: “ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით”
აქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის დებიუტანტი, ვატო არველაძე (კორონა,პოლონეთი) კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
საწვრთნელი პროცესის შემდეგ, ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, 25 წლის გიორგი ქვილითაიამ მცირე კომენტარი გააკეთა:
“დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა.
ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის”, – განაცხადა ქვილითაიამ.