გიორგი ქვილითაია: “ესპანეთის ჩემპიონატში მსურს თამაში”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გადაცემაში “სპორტი იმედზე” საფეხბურთო ოცნებაზე და იმ ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელშიც თამაში სურს.
“ასე ოცნებად არ მაქვს, თუ რომელ ფეხბურთელთან ან გუნდში მსურს თამაში. მითუმეტეს, ბოლო დროს ფეხბურთზე ფიქრი ვერ მოვასწარი, სულ ექიმებზე, რეაბილიტაციაზე და აღდგენაზე ვფიქრობ. ყველაზე მეტად, ესპანეთის ჩემპიონატში მსურს თამაში. რეალურად შევხედოთ, “ბარსელონა” და “რეალი” რომ გამოვრიცხოთ, მსურს ესპანეთში საშუალო დონის კლუბში ვითამაშო”, – განაცხადა ქვილიმ.
გიორგი ქვილითაიას კარიერაში ბოლო რამდენიმე წელიწადში მძიმე ტრავმების გარდა კარიერაში ნამდვილად ბევრი სასიამოვნო ცვლილებაა. ქვილითაიამ “სასკოში” დაიწყო, 2015-16 წელს ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა “დინამოს” შემადგენლობაში, საქართველოდან ვენის “რაპიდში” წავიდა და შემდეგ 1 წელიწადში ბელგიურ “გენტს” შეუერთდა. სამწუხაროდ, კოჭის ტრავმის გამო ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს და ნაკრებს ანდორასთან, რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარება.