გიორგი ქვილითაია: “მე მგონია, რომ ბელორუსთან მატჩი თბილისში უნდა ჩატარდეს”
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ ევრო 2020-ის ფლეი-ოფის მატჩებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბელორუსთან გასამართი შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს.
“სახლში ვთამაშობთ. დარწმუნებული ვარ, “დინამო არენა” გაივსება და გულშემატკივრებისაგან ძალიან მაგარი მხარდაჭერა გვექნება. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავიდეთ იქ. “დინამო არენაზე” თამაში სულ სხვა შეგრძნებაა. იყო განხილვა, მატჩი ბათუმში ჩატარდებოდა თუ თბილისში. მე მაინც მგონია, რომ ეს მატჩი “დინამოზე” უნდა დარჩეს, რადგან ამ სტადიონს სულ სხვა აურა აქვს. მგონია, რომ სავსე “დინამოზე” თამაში სულ სხვა შეგრძნებაა. ბათუმელ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელორუსს 26 მარტს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ფლეი-ოფის ფინალურ შეხვედრასაც საქართველოში ჩაატარებს.