გიორგი ქვილითაიას ტრავმა – ბელგიაში ოპერაცია დაიგეგმა
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია უეფას ერთა ლიგის ეგიდით ლატვიასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ადასტურებს, რომ 24 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა 8 სექტემბერს საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს.
ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.