გიორგი ჭანტურია: “კარგად უნდა ვითამაშოთ და ხალხი ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ”
დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩამდე კომენტარი გააკეთა “ჯვაროსანთა” შემტევმა გიორგი ჭანტურიამ.
“სლოვაკეთთან თამაშში მონაწილეობა ვერ მივიღე, რადგან კლუბის თამაშები მქონდა და გუნდს გვიან შევუერთდი. რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს – ვარჯიშზე ტრავმა მივიღე და ვერ შევძელი თამაში.ორი ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით.
ახლა, ჩემი აზრით, მსოფლიოში ნომერ პირველ ნაკრებს ვეთამაშებით. ძალიან ცუდი განწყობაა საქართველოში, შეიძლება ვერც შევედაოთ ამაში, მაგრამ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და ხალხი ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ”, – აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებას “ხეტაფეს” სტადიონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.