გიორგი ჭანტურია: “შოტლანდიის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა”
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი გლაზგოში გამართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 10 წუთი დაჰყო.
“რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ, რომ აქედან ქულის გარეშე მივდივართ, თუმცა ეს ფეხბურთია, დღეს მეტოქემ გვაჯობა. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. შემიძლია, მხოლოდ მივულოცო შოტლანდიელებს მოგება. მომდევნო შეხვედრა გამარჯვებით უნდა დავასრულოთ.
მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა და სამი ქულაც აიღო, ჩვენ კი უქულოდ დავრჩით. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. წინ შემდეგი მატჩია. შინ მომდევნო შეხვედრას პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ და კარგი იქნება, თუ გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ჭანტურიამ.