გიორგი ჭიაბრიშვილი: “გამარჯვების იმედი მაქვს”
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა “არარატ-არმენიას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც იცით, თბილისური გუნდი “არარატ-არმენიას” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უპირისპირდება. პირველი მატჩი 6 აგვისტოს ერევანში გაიმართება.
“მეტოქის რამდენიმე ვიდეო ვნახეთ. კარგი გუნდია, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. “არარატ-არმენიაში” სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ. ჰყავთ გამოცდილი და კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი. ისინი ცდილობენ ფეხბურთის თამაშს. “საბურთალო” ევროტურნირებზეც თამაშობს და შიდა ჩემპიონატშიც, ვფიქრობ, ეს ფაქტორი გარკვეული უპირატესობაა, რადგან ჩემი ფეხბურთელები შეთამაშებულები არიან. ისევე, როგორც ყოველთვის, ხვალაც გამარჯვების იმედი მაქვს. ახლა, მთავარია დავძლიოთ მესამე ეტაპი და გადავიდეთ დასკვნით მატჩებზე. კარგი იქნება თუ კარს მშრალად შევინახავთ და გოლს გავიტანთ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კარგი შანსი გვექნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
ფოტო: fcsaburtalo.ge