გიორგი ჭიაბრიშვილი: “ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა”
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” 2014-2015 წლების სეზონისთვის მზადება პრაქტიკულად დაასრულა – გუნდი რამდენიმე დღეა დაბრუნდა დუშეთიდან, სადაც სამი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. საბურთალოელები წლევანდელ ჩემპიონატს 25 აგვისტოს, “მაჭახელასთან” საშინაო მატჩით იწყებენ, თუმცა მანამდე სათასო ბატალიებია – ხვალ, გიორგი ჭიაბრიშვილის კრებული უმაღლეს ლიგელ “სპარტაკს” დაუპირისპირდება და სასურველი შედეგის დაფიქსირებას ეცდება. 1/16 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს, შეხვედრა 17:30 დაიწყება.
მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ, საუბარი მოსამზადებელი ეტაპით დავიწყეთ:
– მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ, ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, ბიჭები სრულად დაიხარჯნენ და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდნენ. თუმცა, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა მზადების პერიოდში ტრავმა მიიღო და სრულფასოვანი შეკრება ვერ გაიარა.
დუშეთში მშვენიერი პირობები იყო, როგორც კლიმატური, ასევე სავარჯიშო მოედნები. აქცენტი ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე გვქონდა გაკეთებული, ასევე დავხვეწეთ რამდენიმე სათამაშო ტაქტიკა. მართალია, გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ მზად ვართ სეზონის დაწყებისთვის.
– მზადების პარალელურად გუნდმა ამხანაგური მატჩებიც გამართა. რა შეგძინათ წლევანდელმა სპარინგ-მატჩებმა?
– პირველ რიგში დიდი გამოცდილება, რადგან საკონტროლო მატჩების უმეტესობა უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებთან გვქონდა. ვეთამაშეთ “ტორპედოს, “ვიტ ჯორჯიას”, “სპარტაკს”, ასევე პირველ ლიგელებს – “ლოკომოტივსა” და “გაგრას”. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ხარვეზებზე, სხვა და სხვა კომბინაციების დამუშავებაზე. სეზონი ახლა იწყება და ბუნებრივია, გუნდი საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება, თუმცა უახლოეს ტურებში ნელ-ნელა მოვუმატებთ.
მეორე მხრივ რომ მივუდგეთ, ამხანაგური მატჩები სრული შემადგენლობით ვერ ჩავატარეთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ასაკობრივ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი. ამ ყოველივემ მზადებაში ცოტათი ხელი შეგვიშალა, მაგრამ ნაყოფიერი სპარინგ-მატჩები გავმართეთ.
– უმაღლეს ლიგელებთან სპარინგები მომავალში აუცილებლად წაგადგებათ. მით უფრო მაშინ, როდესაც გუნდს თასის პირველ ეტაპზე მეტოქედ ცხინვალის “სპარტაკი” ერგო. რას იტყვით მოახლოებულ შეხვედრაზე?
– “სპარტაკი” წლების განმავლობაში უძლიერესთა რიგებში თამაშობს, საკმაოდ გამოცდილი კლუბია. თავისთავად, რომ მძიმე მატჩები გველის, თუმცა უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ ორი თამაშის ჯამში კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ოფიციალური მატჩები მაინც განსხვავდება ამხანაგურებისგან. “სპარტაკთან” დაპირისპირებები ასევე დიდ გამოცდილებას შეგვმატებს, რაც მომავალში უთუოდ წაგვადგება.
– გასული სეზონისგან განსხვავებით, გუნდი კიდევ უფრო გაახალგაზრდავებულია. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა?
– რამდენიმე ფეხბურთელმა უცხოეთში გააგრძელა კარიერა, რამდენიმე მათგანთან განშორება გადავწყვიტეთ. გასული სეზონიდან, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა რევაზ გოცირიძეა, ახლა იგი სამწვრთნელო შტაბშია. გოშაძე, თვარაძე, ჩომახიძე, მამუჩიშვილი, სტეფნიაშვილი, ლორენცო და ალენი – ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს კლუბში აღარ არიან. რა თქმა უნდა, მათი წასვლა გუნდიდან დიდი დანაკლისია, მაგრამ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მჯერა სრულფასოვნად შეცვლიან მათ. დავიმატეთ გამოცდილი გიორგი რეხვიაშვილი, ვფიქრობ იგი საგრძნობლად გააძლიერებს “საბურთალოს”.
– იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რას იტყვით, რომლებიც ჭაბუკთა ლიგიდან დააწინაურეთ პირველ გუნდში?
– ჩვენს კლუბში პროფესიონალები და თავიანთ საქმეში უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან თავშეყრილნი. “საბურთალოს” სხვა და სხვა ასაკობრივ გუნდებში მწვრთნელები წარმატებით მუშაობენ, ნიჭიერ ფეხბურთელებს სწორ მიმართულებას აძლევენ. შემიძლია გითხრათ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებზეც არჩევანი გავაკეთეთ, ნამდვილად იმსახურებენ პირველ გუნდში ყოფნას, მჯერა მალე კიდევ უფრო მოუმატებენ.
– საუბრის ბოლოს: რა იქნება “საბურთალოს” მიზანი მომავალ სეზონზე?
– მიზანი ერთია – ფეხბურთელების გაზრდა და ევროპაში მათი დაბინავება. დანარჩენს კი უკვე დრო გვიჩვენებს. ჩვენი ფეხბურთელები მუდმივად ასპარეზობენ სხვა და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში, რაც ჩვენი სკოლისა და კლუბის წარმატებაზე მიუთითებს.
fcsaburtalo.ge