გიორგი ჭიაბრიშვილი: “სუპერთასის მოგებას პირველივე ცდაზე ვეცდებით”
2019 წლის საქართველოს სუპერთასის გათამაშებას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, 24 თებერვალს უმასპინძლებს. ტიტულისთვის ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “საბურთალო” შეეცილებიან. ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო” სუპერთასის მოგებას პირველად შეეცდება.
გუნდმა ორი შეკრება თურქეთის ქალაქ სიდეში გაიარა, სადაც ჯამში რვა ამხანაგური მატჩი გამართა – 2 მოგება, ამდენივე წაგება და 4 ფრე (ვიტორული 2:1, ნაპრედაკი 3:0, პანდევის აკადემია 0:0, რაბოტნიჩკი 1:2, სირიუსი 1:1, სარაევო 3:3, ახმატი 1:2, კაისარი 1:1).
გიორგი ჭიაბრიშვილი: “კლუბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საუკეთესო პირობებში მოვმზადებულიყავით. თურქეთში გავიარეთ ორი ნაყოფიერი შეკრება. პარალელურად, ევროპულ კლუბებთან ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები, სადაც კარგად დავინახეთ, რა მიმართულებით გვმართებს მუშაობა. რაც შეეხება სუპერთასის გათამაშებას – ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. პირველად გვიწევს სუპერთასზე თამაში და ვეცდებით, ისტორიაში პირველად თასს დავეუფლოთ”.
“საბურთალომ” სეზონის დაწყებამდე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი – ანტე გი გადაიბირა, ასევე გუნდმა გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა დაიმატა. “საბურთალოში” დაბრუნდა გიორგი თევზაძე. ასევე, მოვიდნენ დენის შელიხოვი და “სამტრედიას”, ქუთაისის “ტორპედოს” და თბილისის “დინამოს” ყოფილი მეკარე – ომარ მიგინეიშვილი.
მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილი თანაქალაქელ “დინამოს” შეუერთდა, გუნდის კაპიტანი ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგის “ჟენეშში” განაგრძობს, გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის “ლევადიაკოსს” შეუერთდა, ხოლო დავით ვოლკოვი – აზერბაიჯანულ “გაბალას”. გუნდიდან ასევე წავიდნენ ვეტერანი დიმიტრი ტატანაშვილი, დავით თარგამაძე და ბექა ქურდაძე.
სუპერთასის მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 12 თებერვალს მიენიჭა.
სფფ-ის პრესსამსახური