გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარი “შერიფთან” მატჩის შემდეგ
16 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა თბილისის “საბურთალოსა” და ტირასპოლის “შერიფს” შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით (1-3) დასრულდა. თუმცა, ორმატჩიანი დუელის ჯამში გამარჯვება საქართველოს ჩემპიონს ერგო (4-3). მატჩის შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სამუშაო გავწიე, რომ ჩემი გუნდი ფსიქოლოგიურად მომემზადებინა. არ გვინდოდა, რომ ეს ათი წუთი მომხდარიყო, თუმცა არ გამომივიდა. მე, როგორც მთავარი მწვრთნელი, ბოდიშს ვუხდი ჩვენ გულშემატკივრებს, რომ შესაფერისი თამაში ვერ ვაჩვენეთ.
გასახდელში ჩემ ბიჭებს ვუთხარი, რომ უბრალოდ თავისი ფეხბურთი ეთამაშათ და საკუთარ თავში რწმენა ეპოვათ იმისა, რომ მათ ისეთივე დონეზე შეეძლოთ თამაში, როგორც პირველ შეხვედრაში.
ვერ ვიტყვი, რომ პირველი ათი წუთი ეროვნული ლიგის დონემ განაპირობა. ჩვენ ჩემპიონატშიც ხშირად მომხდარა, რომ ასეთი მაღალი ტემპი და პრესინგი შემოეთავაზებინათ ჩვენი გუნდისთვის. მოლდოვის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატთან ახლოს ვერ მივა, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რაშიც ისინი გვჯაბნიან, არის ფინანსები – შეუძლიათ ჩამოიყვანონ მაღალი დონის ფეხბურთელები. სხვაობა ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ თავისუფალ აგენტებს ვეძებთ, მათ კი შეუძლიათ იყიდონ და უცხოეთიდანაც ჩამოიყვანონ ვარსკვლავები. თუმცა ჩვენ ნიჭიერი ფეხბურთელების ხარჯზე ვართ პირველები, რაც ამ ორმატჩიან დაპირისპირებაშიც დამტკიცდა.
რაც შეეხება ხორვატიას, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ მათ ვერ შევეჯიბრებით. ფაქტია, რომ ზაგრების “დინამოს” გაცილებით უფრო დიდი უპირატესობა ექნება ჩვენთან. ჩვენ ვნახეთ მათი ბოლო თამაში – სულ სხვა დონის ჩემპიონატთან გვაქვს საქმე. ყველაფერს გავაკეთბთ, რომ ზაგრებული ბარიერიც დავძლიოთ.
გულწრფელად გეტყვით, ჩვენ გუნდს არ შეუძლია პრაგმატულად თამაში. ჩვენი ფეხბურთელები ასე იზრდებოდნენ. თუ ზაგრების “დინამო” ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალებას მოგვცემს, ყველანაირად ვეცდებით რომ შემტევად ვითამაშოთ. ქართველების ერთადერთი წარმატების რეცეპტი შემტევი თამაშია. არ მიყვარს, როდესაც ქართული გუნდები დაცვაში ზიან,” – აცხადებს “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი.
ფოტო: fcsaburtalo.ge